weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

აშშ-ში აქცენტს ვაკეთებ საქართველოში კრიტიკული მედიის არსებობის მნიშვნელობაზე – ლომჯარია

10:57 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ლომჯარიას თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, არჩევნები, დამოუკიდებელი მედია და მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

„მთავარი ინტერესის საგანი არის ზოგადად შექმნილი გარემო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ალბათ, არჩევნების საკითხები და არჩევნების შემდგომ არსებული გარემო, ასევე, ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.

განსაკუთრებით ვაკეთებ აქცენტს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში.

ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც, სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შესაძლოა, დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ.

მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განვიხილეთ, იმიტომ, რომ თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთი განცხადება გააკეთა, პირდაპირ მიუთითა სახალხო დამცველის განცხადებებზე და უთხრა მთავრობას, რომ ემოქმედა სახალხო დამცველის რეკომენდაიების გათვალისწინებით.

არა მხოლოდ ამ საქმეზე, ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა არის ის უპრეცედენტო თავდასხმები და მისი მასშტაბი, რასაც ვხედავთ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობა. თითქმის ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია თუნდაც ჩემი პიროვნების გარშემო იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ის მუქარები, რაც გაისმა, ალბათ, კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა იყო, თუმცა ამ ყველაფერს, საბედნიეროდ, მოჰყვა ძალიან ადეკვატური და დროული რეაგირება დასავლური ინსტიტუტების, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

სწორედ ამას გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ, თითოეულ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ვიბრძვით დემოკრატიული მომავლისთვის, გვჭირდება მხარდაჭერა და დაცვა, როდესაც ადგილი აქვს ჩვენს მიმართ თავდასხმას.

ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო, რომ ადგილობრივი ინიციატივა, რომელიც არის გადადგმული ადამიანის უფლებების დასაცავად და დასავლური ინტეგრაციისთვის, უნდა იყოს მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შატატების მხრიდან, ამ ადამიანების და ორგანიზაციების მიმართ მეტად ღია და თანმიმდევრული მხარდაჭერა უნდა იგრძნობოდეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 29 ნოემბრს დაიწყო და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა, ნინო ლომჯარია შეხვედრებს კონგრესსა და სენატშიც გამართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED), ფრიდომ ჰაუსისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]